+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

წერილი განათლების სამინისტროს


წერილი განათლების სამინისტროს


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს  

სამაცივრო დანადგარები, ჰაერის კონდიციონერები და თბური ტუმბოები არის ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული დარგი არის მუდმივი განახლების პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს.

ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 13 აპრილს ცვლილება შევიდა საქართველოს კანონში „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, რომლის მუხლი 541. „მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება“, პ. 2-ის თანახმად უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნ­ველ­საყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. ამავე მუხლის თანახმად მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის შესამცირებლად საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს სტანდარტის – სსტ 70 : 13 „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ შესრულება.

ამავე დროს, საქართველოს არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არის გათვალისწინებული სამაცივრო დანადგარებისა და თბური ტუმბოების ტექნიკოსთა პროფესიული მომზადება. ამჟამად აკრედიტებული ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხელოვნური სიცივის მიმართულებით არის „ჰაერის კონდიცირება“, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების პრაქტიკის უმთავრესი ელემენტები - მაცივარაგენტების შეგროვება, რეციკლირება, იდენტიფიკაცია და გარემოსთვის უსაფრთხო დასაწყობება და განადგურება.დასაზუსტებელია ტერმინოლოგიაც, რადგან დოკუმენტების ტექნიკურ თარგმანში დაშვებული შეცდომები იწვევს სერიოზულ გაურკვევლობას. პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ინგლისური ტერმინი “refrigeration” შეესაბამება ქართულ „სამაცივრო ტექნიკა“-ს და არამც და არამც „გაგრილება“-ს. ამის გამო სამაცივრო ტექნიკა საერთოდ ამოვარდნილია ISCO-ს და ISCED-ის კლასიფიკატორთა ქართულ თარგმანში, მაშინ როცა ორიგინალ დოკუმენტებში შეტანილია - 7127 Air Conditioning and Refrigeration Mechanics.ჩვენ, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიციონერებისა და თბური ტუმბოების სფეროს სპეციალისტები ვიღებთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გამოგვრჩა ყურადღებიდან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების პროცესი და არ მიგვიღია მის განხილვაში მონაწილეობა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენ ქვეყანაში აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების დანერგვის საქმეში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადასახედია და გადასამუშავებელი შემდეგი დოკუმენტები:1.       დამტკიცებული პროფესიული სტანდარტები - ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე (მე-3 დონე); სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი (მე-3 დონე).2.       აკრედიტებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ჰაერის კონდიცირება“.3.       „მაცივარ-დანადგარებისა და საყოფაცხოვრებო კონდიცირების სისტემების ტექნიკოსი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროექტი და იმავე სახელწოდების პროფესიული სტანდარტის პროექტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ გვაცნობოთ, რა ეტაპებია გასავლელი არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რათა ხელოვნური სიცივის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა პროფესიული მომზადება/გადამზადება ხორციელდებოდეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და ხელს უწყობდეს შესაბამისი სექტორის  ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორ განვითარებას.